საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი World Archery-სა და World Archery Excellence Centre-ში (შვეიცარია, ლოზანა)
August 10, 2026
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მეცნიერებათა დოქტორმა ბესიკ ობოლაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა არტემ სანიშვილმა მ.წ. 28 ივლისს ოფიციალური სამუშაო ვიზიტი გამართეს მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციაში (World Archery) და World Archery Excellence Centre-ში. (შვეიცარია, ლოზანა)
-ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ეწვია World Archery Excellence Centre-ს, სადაც წარმატებული საქმიანი შეხვედრები გაიმართა ცენტრის ხელმძღვანელობასთან:
შეხვედრები ჩატარდა საერთაშორისო ფედერაციის განვითარების და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სირეტ ლუიკთან (Siret Luik), რომელიც ამავე დროს არის ცენტრის დირექტორი, და განვითარების მენეჯერთან სესილია ვისკარა მოსერთან (Cecilia Viscarra Moser). ქართულმა მხარემ დეტალურად დაათვალიერა ცენტრის თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და სავარჯიშო ბაზები, რომელთა გამოცდილებაც საქართველოში სპორტული მენეჯმენტისა და წვრთნის პროცესის სრულყოფისთვის იქნება გამოყენებული.
აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართული მშვილდოსნობის საერთაშორისო ინტეგრაციის, სპორტსმენთა გადამზადების , მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების გზაზე.


