საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს იამზე ტალახაძეს ლოზანაში (შვეიცარია) საერთაშორისო გადამზადების პროგრამის წარმატებით დასრულებას
October 16, 2026
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ჩვენს მწვრთნელს, იამზე ტალახაძეს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში საერთაშორისო სამწვრთნელო პროგრამის — Coach Accelerator Entry-Level (L1) / ოლიმპიური სოლიდარობა — წარმატებით დასრულებასა და შესაბამისი ოფიციალური სერტიფიკატის მოპოვებას!
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლოზანაში World Archery Level 1 Coaching Course-ი ასევე უმაღლესი შედეგებით დაასრულა მწვრთნელმა ბექა გუგეშაშვილმა. ამრიგად, ორივე ქართველმა სპეციალისტმა კარგად წარმოაჩინა ქართული მშვილდოსნობა საერთაშორისო ასპარეზზე.
სასწავლო პროგრამები მოიცავდა თანამედროვე სამწვრთნელო მეთოდოლოგიის, სპორტული ბიომექანიკისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების საერთაშორისო სტანდარტების სიღრმისეულ ათვისებას.
ეროვნული სამწვრთნელო კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და სისტემური გადამზადება პირდაპირ პასუხობს საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის 7-წლიან განვითარების სტრატეგიას (2025–2032), რომელიც მიმდინარე წლის 1 მარტს იქნა დამტკიცებული. აღნიშნული საერთაშორისო ვიზიტი მომზადდა მიმდინარე წლის ზაფხულში, ლოზანაში ფედერაციის ხელმძღვანელობის სამუშაო ვიზიტისა და მსოფლიო მშვილდოსნობის მესვეურებთან მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე.
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მსოფლიო მშვილდოსნობის (World Archery) განვითარებისა და განათლების დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ — ქართველი სპეციალისტებისა და სპორტსმენების პროფესიული ზრდისთვის შექმნილი შესაძლებლობებისთვის, მუდმივი მხარდაჭერისა და მჭიდრო პარტნიორობისთვის.
მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია დიდ წარმატებებსა და ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას უსურვებს იამზე ტალახაძესა და ბექა გუგეშაშვილს. მათ მიერ მიღებული ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველი მშვილდოსნების ახალი თაობების აღზრდასა და ჩვენი სპორტის შემდგომ განვითარებაში.
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

