ქართველი მწვრთნელები World Archery-ისა და ოლიმპიური სოლიდარობის საერთაშორისო სამწვრთნელო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას
October 04, 2026
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას ეროვნული სამწვრთნელო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.
ამ ინიციატივის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები დღეს (4 ოქტომბერი) გაემგზავრნენ ლოზანაში (შვეიცარია), სადაც ჩაერთვებიან ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში:
-
Coach Accelerator Entry-Level (L1) / ოლიმპიური სოლიდარობა: მწვრთნელთა განვითარების ინტენსიურ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს იამზე ტალახაძე.
-
World Archery Level 1 Coaching Course: მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციის (World Archery) 1-ელი დონის ოფიციალურ სამწვრთნელო კურსს გაივლის ბექა გუგეშაშვილი.
აღნიშნული პროგრამები ხორციელდება მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციის განვითარებისა და განათლების დეპარტამენტის ეგიდით.
ქართველი მწვრთნელების სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის განვითარების 7-წლიან სტრატეგიას, რომელიც მიმდინარე წლის 1 მარტს იქნა დამტკიცებული. სტრატეგიით განსაზღვრული 12 ძირითადი მიზნიდან ერთ-ერთი სწორედ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სისტემური გადამზადებაა, რის კონტექსტშიც ხორციელდება აღნიშნული ვიზიტი.
საერთაშორისო პარტნიორობის ეს ეტაპი მომზადდა მიმდინარე წლის ზაფხულში, როდესაც ფედერაციის გენერალური მდივანი ბესიკ ობოლაძე და აღმასრულებელი მენეჯერი არტემ სანიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლოზანაში (შვეიცარია). შეხვედრები გაიმართა მსოფლიო ფედერაციის გენერალურ მდივანთან და განვითარებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. სამუშაო შეხვედრებზე წარდგენილ იქნა ეროვნული სტრატეგია და დადასტურდა მისი სრული თავსებადობა World Archery-ის საერთაშორისო პროგრამებთან.
აღსანიშნავია, რომ ამავე თანამშრომლობისა და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, სულ ახლახან ლოზანის მსოფლიო მშვილდოსნობის ცენტრიდან დაბრუნდა ჩვენი ახალგაზრდა ოლიმპიელი (რომელიც ერთ თვეში დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება) პირად მწვრთნელთან ერთად, სადაც გაიარა ექსკლუზიური წინასაოლიმპიადო გადამზადება და ინვენტარის მორგების პროცესი.
შვეიცარიაში გამგზავრებამდე, 3 ოქტომბერს, ფედერაციის ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც იამზე ტალახაძესა და ბექა გუგეშაშვილს შეხვდნენ ფედერაციის გენერალური მდივანი ბესიკ ობოლაძე, აღმასრულებელი მენეჯერი არტემ სანიშვილი და მწვრთნელთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გორდეზიანი. შეხვედრაზე განიხილეს სასწავლო პროგრამის ამოცანები და მიზნები.
აღნიშნული პროგრამები მიზნად ისახავს თანამედროვე სამწვრთნელო მეთოდოლოგიის, სპორტული ბიომექანიკისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების საერთაშორისო პრინციპების სიღრმისეულ ათვისებას.
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია წარმატებებს უსურვებს იამზე ტალახაძესა და ბექა გუგეშაშვილს სასწავლო პროგრამების aa გაცნობაში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული მშვილდოსნობის შემდგომ განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდას.
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაცია
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური