ახალგაზრდა მშვილდოსნები ლოზანაში „დაკარი 2026“-ისთვის მზადებას აძლიერებენ
September 25, 2026
სტატია worldarchery_ზე: https://www.worldarchery.sport/news/202640/youth-archers-step-dakar-2026-preparations-lausanne
2026 წლის 24 სექტემბერი
ლოზანა (შვეიცარია) — 2026 წლის დაკარის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ბულგარელმა ნედა კენდეროვამ და ქართველმა დავით ბასილაძემ მზადება გააძლიერეს და ლოზანაში, მსოფლიო მშვილდოსნობის დაოსტატების ცენტრში (World Archery Excellence Centre) ხუთდღიანი სავარჯიშო შეკრება გაიარეს.
მათი ვიზიტი, რომელიც 14-დან 18 სექტემბრამდე გაგრძელდა, გახლდათ პირველი სამი სავარჯიშო ბანაკიდან, რომლებიც „ოლიმპიური სოლიდარობის“ (Olympic Solidarity) დაფინანსებით იმართება. პროექტის მიზანია კვალიფიციური მშვილდოსნების მხარდაჭერა თამაშებისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე.
პროექტში ასევე ჩართულნი არიან უშუალოდ სპორტსმენთა მწვრთნელები, რომლებიც გააგრძელებენ ლოზანაში დაწყებულ მუშაობას და გაუძღვებიან მათ დაკარის შეჯიბრებაზე.
„ოლიმპიური სოლიდარობა“ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებსა და მათ სპორტსმენებს ეხმარება სპეციალური პროგრამებით, რომლებიც დამატებითი წვრთნისა და ასპარეზობის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. მშვილდოსნობის შემთხვევაში, ეს მხარდაჭერა დაკარისთვის მოემზადე ახალგაზრდა სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, ეროვნული ნაკრების მიმდინარე პროგრამებთან ერთად, სპეციალურ სავარჯიშო ბანაკებზეც ისარგებლონ წვდომით.
კენდეროვასთვის ლოზანის ბანაკი ნიშნავდა ვარჯიშისთვის დათმობილ მეტ დროსა და შესაძლებლობას, ემუშავა სროლის ტექნიკურ დეტალებზე.
მან ხაზი გაუსვა ინტენსიურ მუშაობას მწვრთნელებთან — კეონგსუ ჯონგთან და ჰოვარდ კატრინთან.
„მთელ დღეს აქ ვატარებ,“ — თქვა მან. — „ეს მეხმარება ტექნიკაში, კონცენტრაციაში, აღჭურვილობაში — აბსოლუტურად ყველაფერში.“
16 წლის ბულგარელი სპორტსმენი თავის მწვრთნელთან, ვენცისლავველიკოვთან ერთად უკვე ხუთი წელია ვარჯიშობს — მას შემდეგ, რაც ამ სპორტში შევიდა. ველიკოვი, რომელიც 2011 წლის ტურინის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა, მიიჩნევს, რომ კარგი მომზადება და კონცენტრაცია საკვანძო ფაქტორია ბულგარელ მშვილდოსანთა ახალი თაობის შედეგების გაუმჯობესებისთვის.
დაკარში კენდეროვას მიზანია აჩვენოს საუკეთესო შედეგი და, შესაძლოა, საუკეთესო რვაეულშიც მოხვდეს.
ის განმარტავს, რომ მშვილდოსნობა ახლა მის მთელ თავისუფალ დროს იკავებს.
„მთელ თავისუფალ დროს სროლას ვუთმობ,“ — თქვა მან. — „მიყვარს ეს სპორტი და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.“
ამ ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ასეთი თავდადება ნიშნავს ვარჯიშისა და სკოლის ერთმანეთთან შეთავსებას.
ბანაკის კიდევ ერთ მონაწილეს, საქართველოს წარმომადგენელ დავით ბასილაძეს, შვეიცარიაში პირველი ვიზიტიდან კარგი მოგონებები აკავშირებს. მან 2023 წელს, სიონში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ თასის მეორე ეტაპზე ოქროს მედალი მოიპოვა.
„ჩემთვის ძალიან კარგი შეჯიბრება იყო. ძალები არ დავიშურე და ოქრო მოვიპოვე.“
იმ დროს, 13 წლის ასაკში, დავითი თავის კატეგორიაში ყველაზე უმცროსი მშვილდოსანი იყო. მან იასპარეზა სპორტსმენების წინააღმდეგ, რომლებიც მასზე ოთხ წლამდე უფროსები იყვნენ, და საბოლოოდ 18 წლამდელთა შორის კლასიკური მშვილდით (recurve) ოქროს მედალი მოიპოვა.
დავითმა მშვილდი პირველად ოთხი წლის ასაკში დაიჭირა, თუმცა, როგორც თავად განმარტავს, ეს მაშინ უფრო ერთობოდა.
„სერიოზულად არ ვუდგებოდი. უბრალოდ ვთამაშობდი. მაგრამ ექვსი წლის წინ სერიოზულად დავიწყე ვარჯიში და მას შემდეგ ყველაფერს ვაკეთებ საუკეთესო შედეგისთვის.“
ქართველ სპორტსმენს თან ახლდა მამა და მწვრთნელი, გურამ ბასილაძე. ქვეყნის ყოფილმა პირველმა ნომერმა მშვილდოსნობაში აღნიშნა, რომ ამაყი და ბედნიერია, რადგან საკუთარ შვილს დაკარისთვის მზადებაში ავარჯიშებს.
გურამს სჯერა, რომ დაკარში მედლის მოპოვება შესაძლებელია და ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იქნება მათი ქვეყნისთვის.
ამ ამბიციას დავითიც იზიარებს.
„მაისური მაქვს საქართველოს დროშით და ოქროს მედლის მოპოვება მინდა,“ — თქვა მან. — „საკუთარი თავის მჯერა, საკუთარ თავს ვენდობი.“
უცხოეთში ვარჯიში და ასპარეზობა ასევე ნიშნავს ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნას.
16 წლის სპორტსმენი სახლიდან შორს ყოფნაზე საუბრობს:
„დიახ, რთულია, მაგრამ იცით, ეს მშვილდოსნობაა.“
ოჯახის მხარდაჭერა და გაგება მას მანძილის გადალახვაში ეხმარება.
„ჩემმა ოჯახმა იცის, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და რომ ეს სავარჯიშო ბანაკები მაღალი ქულების მისაღწევად მჭირდება.“
ლოზანის ბანაკი პირველია „ოლიმპიური სოლიდარობის“ მხარდაჭერით დაგეგმილი სამი სავარჯიშო ეტაპიდან, რომლებიც დაკარის თამაშებამდე ცენტრში გაიმართება.
უკვე დადასტურებულია კიდევ ორი ბანაკი: ერთი სლოვაკი მშვილდოსნისთვის, ადელა ტოლაროვიჩოვასთვის (4–10 ოქტომბერი), ხოლო მეორე სინგაპურელი ტაბითა ერნ ლინ იოსთვის (18–24 ოქტომბერი).
ედვარდ კენსინგტონმა, „ოლიმპიური თამაშების უნივერსალურობის“ მიმართულების ხელმძღვანელმა, განმარტა „ოლიმპიური სოლიდარობის“ სპორტსმენთა სტიპენდიების პროგრამის როლი.
„ეს ხელს უწყობს თანაბარი პირობების შექმნას, რადგან სპორტსმენებს გაუმჯობესებულ სავარჯიშო და ასპარეზობის გამოცდილებაზე აძლევს წვდომას,“ — განაცხადა კენსინგტონმა.
მან მოუწოდა მშვილდოსნობის საზოგადოებას, ფართოდ გაავრცელონ ინფორმაცია „ოლიმპიური სოლიდარობის“ შესაძლებლობების შესახებ, რათა სპორტსმენებმა და წევრმა ასოციაციებმა თავიანთი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მეშვეობით სარგებელი მიიღონ.
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ახალგაზრდა სპორტსმენებს, რადგან მონაწილეობისთვის საკმაოდ ვიწრო ასაკობრივი ზღვარია დაწესებული.
კენდეროვასთვის ოლიმპიურ ღონისძიებაზე ბულგარეთის წარდგენას ნერვიულობასთან ერთად სიამაყეც მოაქვს.
„მიჭირს თქმა, ცოტა საშიშიცაა, მაგრამ ამაყი ვარ, რადგან მიხარია იქ ყოფნა,“ — თქვა მან. — „ბედნიერი ვარ, რადგან ეს დავიმსახურე.“
ახალგაზრდული ოლიმპიადა | ოლიმპიური სოლიდარობა | დაოსტატების ცენტრი