ბათუმში, ხათუნა ნარიმანიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ქართულ მშვილდოსნობაში შეტანილი ღვაწლისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა
September 15, 2026
მ. წ. აგვისტოს ბოლოს, ბათუმში, ანგისის მშვილდოსნობის ბაზაზე წარმატებით ჩატარდა წარსულში ცნობილი მშვილდოსნის, ოთხი ოლიმპიადის მონაწილის, ევროპის თამაშების პრიზიორისა და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის — ხათუნა ნარიმანიძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა განსაკუთრებული დაჯილდოების ცერემონია: ქართულ მშვილდოსნობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ქალბატონი ხათუნა ნარიმანიძე.
კუთვნილი ჯილდო მას ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ბესიკ ობოლაძემ გადასცა.
„ეს ტურნირი ხათუნა ნარიმანიძის სახელს ატარებს და მისი ღვაწლის დაფასებაა, მან თავისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით ქართული მშვილდოსნობა ღირსეულად წარმოაჩინა საერთაშორისო ასპარეზზე,“ — აღნიშნა ბესიკ ობოლაძემ სიტყვით გამოსვლისას.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ საერთაშორისო ტურნირში მონაწილე უცხოური დელეგაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული სფეროს ხელმძღვანელი პირები, მათ შორის: აჭარის სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირმა ნიჟარაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე.

